- მიურიდიზმი
- რელიგიურ-მისტიკური მიმდინარეობა ისლამში. იგი ჩაისახა XIV საუკუნეში შუა აზიაში. XIX ს. 20-იან წლებში მიურიდიზმის იდეა გავრცელდა აღმოსავლეთ კავკასიაში. მიურიდიზმის პირველი მქადაგებელი დაღესტანში იყო მოლა მუჰამედ იარაგელი. ის იყო კავკასიაში ღაზავათის – მუსლიმანთა საღვთო ომის იდეური სულისჩამდგმელი, რომელმაც წამოაყენა ლოზუნგი „მუსლიმები არ შეიძლება ურწმუნოთა ხელისუფლების ქვეშ იყვნენ“. „ვინც თავს მუსლიმანად თვლის, – ქადაგებდა იგი, – მისთვის პირველი საქმეა ღაზავათი, შემდეგ კი შარიათის შესრულება“. მიურიდიზმის მიმდევარი არის მიურიდი („მორჩილი“), რომელიც მოვალეა უყოყმანოდ დაემორჩილოს შარიათის მასწავლებელს – მიურშიდს. მიურიდიზმის დროშით მოძრაობა კავკასიელ მთიელთა ანტიკოლონიური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა იყო.Source: ხორავა ბეჟან. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა / [რედ.: ზურაბ პაპასქირი, თეიმურაზ გვანცელაძე]; თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საისტ. საზ-ბა, აფხაზეთის ორგ. - თბ.: არტანუჯი, 2004
Georgian encyclopedia. 2013.